თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა [ფოტო]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა.
აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიის ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის „ISO/IEC 17025“ შესაბამისად.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
სამინისტროს ცნობით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროს გაფართოების მიზნით, ლაბორატორიაში უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით გათვალისწინებული ახალი პარამეტრების განსაზღვრას. დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ასევე, ტყვიისა და გოგირდის შემცველობების აზბესტის ბოჭკოების იდენტიფიცირების მიზნით მთელი რიგი კვლევები განხორციელდება.
ამასთან, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები. შეიქმნება ასევე მონაცემთა ბაზა აზბესტშემცველი მასალების შესახებ, ჩატარდება წყლის, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის სრულფასოვანი კვლევები.
უახლოეს მომავალში ლაბორატორიას „ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში, ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა, რომლის საშუალებითაც, ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.