თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროექტის, ფოტოალბომის – „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე საზოგადოებას პირველად წარედგინა ალბომი, რომელიც საქართველოში პირველად დაიბეჭდა.
მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების სავალალო მდგომარეობასა და სასულიერო პირების მრევლთან ურთიერთობის შეზღუდვის პრობლემაზე.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სასულიერო პირები.