თბილისში ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ პრემიერა მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში სამეცნიერო-მხატვრული, დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ პრემიერა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფილმი იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8 000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე.
ფილმი სამეცნიერო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო პოექტის შესახებ და მის ფარგლებში, 2017 წელს, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ში გამართული გამოფენის შესახებ არის. ბორდოში, ღვინის ცივილიზაციათა ცენტრში გამართული გამოფენა, რომელიც სამ თვეს გრძელდებოდა და ათობით ათასი მნახველის უდიდესი ინტერესი დაიმსახურა, იყო წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, ისტორიის და ღვინის წარმოების, როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილის მსოფლიოსთვის ჩვენების გზაზე.
2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, რომელშიც საუბარია მეღვინეობის უძველეს კვალზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სტატიას საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი – ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით მაღრაძე.
სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები ხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი დაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“-ის ბაზაზე. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი 2019 წლიდან წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის თემატურ ფესტივალებზე.