თბილისში ევროკავშირის პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია მიმდინარეობს
თბილისში ევროკავშირის პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  ევროკავშირის ახალი პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

2019 წელს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის” (Twinning) პროექტი „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

პროექტის იმპლემენტაციის პროცესის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება კონფერენციაა, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებას პროექტის მიზნების, დაგეგმილი აქტივობებისა და ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმირების შესახებ.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.