სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ქართველი მოსამართლეებისთვის ბორჯომში გასვლითი ღონისძიება მოეწყო
სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ქართველი მოსამართლეებისთვის ბორჯომში გასვლითი ღონისძიება მოეწყო

ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, მიმდინარე წლის 15-16 ივნისს ბორჯომში გასვლითი ღონისძიება – „სასწავლო ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის“ მოეწყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლებიდან ქართველი კოლეგებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჯარო შესყიდვების სფეროში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებზე, დამკვიდრებულ ახალ მიდგომებზე, ასევე, დავების განხილვის პროცედურების კუთხით. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები მოსამართლეებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებმა გაუზიარეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. მიწვეულ სპიკერთა შორის იყვნენ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს  სლოვენიელი მოსამართლე მირო პრეკი და ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე კარინ შნაბლი.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა.