თბილისში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე, 28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.
„ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ მერიაში.