თბილისში დღეს საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმი მიზანია ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი გახსნიან.
ფორუმის ფარგლებში ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორი ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იქნება 21 კომპანია ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სამედიცინო ტურიზმის, მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.
ღონისძიების ფარგლებში ქართულ ბიზნესსექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვლენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.