თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საპარლამენტო ფორმატში იმსჯელებენ, იგეგმება მინისტრების მოსმენაც
ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად კონსულტაციები გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს განვითარებულ მოვლენებზე, შედგეს დებატები და შესაბამისი მინისტრების მოსმენა.
„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. ეს საკითხიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, შესაბამის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ვიმსჯელოთ განვითარებულ მოვლენებზე, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და მოვუსმინოთ შესაბამის მინისტრებს საკითხებზე, რომელიც პირდაპირ იყო ამ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება, რადგან არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვა შეუძლებელი იქნება.
„ჩვენი სურვილია, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში. ამის გათვალისწინებით, ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება და პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, შესაძლოა, გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.