თბილისში ანიმაციური ფილმების განვითარებაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართება
ფრანგი პროდიუსერი, ევროპული ანიმაციის ჯილდოს დამფუძნებელი, ფრანგული კინოფონდის „პიქტანოვოს“ ანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ოლივიე კატერინი ქართველ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრას ჩატარებს თემაზე, როგორ მომზადდეს ანიმაციური ფილმის პროექტი პრეზენტაციისათვის საერთაშორისო კინობაზრობებზე წარსადგენად.
ტრენინგის ბოლოს დაგეგმილია მონაწილეთა პრეზენტაციები, რომლის ვიდეოჩანაწერიც გაკეთდება და გადაეგზავნებათ საერთაშორისო ექსპერტებს. ისინი შეაფასებენ თითოეულ პროექტს და საუკეთესოს გამოავლენენ. გამარჯვებულს ექნება საშუალება, ანესის 2019 წლის ფესტივალს დაესწროს, სადაც პროექტის კურატორი შეახვედრებს საერთაშორისო ანიმაციური ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ამასთან, ავტორს შესაძლებლობა ექნება, უცხოელი თანაპროდუსერი მოიძიოს. ამით ფილმის დაფინანსება გაიზრდება და ევროპული სტანდარტებით შეიქმნება ახალი ქართული ანიმაციური ფილმი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია, საქართველოში განვითარდეს და შეიქმნას შინაარსობრივად საინტერესო და ვიზუალურად დახვეწილი ანიმაციური ფილმები, რომელსაც კომერციული გათვლაც ექნება.
ოლივიერ კატერინი ევროპული ანიმაციის ჯილდოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2015 წლის „ანესი საქართველო“ სამუშაო შეხვედრაში გამარჯვებული ფილმი „ჯიბის კაცი“ 146 ფესტივალზე იყო ნაჩვენები, მოიპოვა 21 მნიშვნელოვანი ჯილდო და რაც მთავარია, პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, სამი თვის განმავლობაში საფრანგეთის 185 სხვადასხვა კინოეთეატრში იყო ნაჩვენები.
სამუშაო შეხვედრას აფინანსებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ანიმაციური ფესტივალი “ნიქოზი”, კინოცენტრი “ქართული-ფილმი აფხაზეთი”, “აწარმოე საქართველოში” და სტუდია „კვალი XXI“.