თბილისში, აფაქიძის ქუჩის მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
თბილისში, აფაქიძის ქუჩის მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ადგილობრივების განცხადებით, აფაქიძის #11 ნომრის გვერდით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ქუჩაზე არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო ართულებს, რადგან ახალ კორპუსს მათი საცხოვრებლიდან მხოლოდ 4-5 მეტრი აშორებს.
გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსი შემოსასვლელს კეტავს და საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო მანქანის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. მათი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაწყებული მშენებლობა დავით ნარმანიას მერობის დროს მათი პროტესტის შედეგად შეჩერდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამუშაოები განახლდა.
ადგილობრივები მერიისგან ტერიტორიის გამოსყიდვასა და სკვერის მოწყობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.