კახა კალაძე - აფაქიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერების საფუძველს ვერ ვხედავ
კახა კალაძე - აფაქიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერების საფუძველს ვერ ვხედავ

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ყველანაირი ნორმებისა და წესების დაცვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მზად არის, შეხვდეს აფაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს და იქ არსებული სიტუაცია დეტალურად აუხსნას.

„იქ ადრე მათემატიკის ინსტიტუტი იყო, მოხდა ამ შენობის დემონტაჟი და იგივე მოცულობის შენობა შენდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს და არ არის იმის საფუძველი, რომ კონკრეტული პროექტი შეჩერდეს. რომელი პროექტიც გასაჩერებელია, პირადად მე და ჩვენი სამსახურები შეაჩერებენ. რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე, თუ რამდენი პროექტი შეჩერდა და დაჯარიმდა. ჩემი აზრით, არ იქნება სწორი არც მერიის მხრიდან და არც პირადად ჩემი მხრიდან, მიზანმიმართულად ხელი შევუშალოთ მშენებელობას.

თუ მოსახლეობას კიდევ სჭირდება ახსნა-განმარტება, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ. მერიის კარი ღიაა. ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით. ვინც აპროტესტებს, ვუხსნით რეალურ სიტუაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აფაქიძის ქუჩის მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.