შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში 7 იანვარს საშობაო ალილო გაიმართება.
როგორც პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, ალილო „ვარდების მოედნიდან“ 14:00 საათზე დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები დახვდებიან. ამას გარდა მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემენ. მათ ტკბილეულით გზადაგზა მოსახლეობაც დაასაჩუქრებს.
ალილოს მსვლელობის მონაწილეების გარკვეული რაოდენობა საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიულოცავს, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციაში მივლენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
საპატრიარქოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და დაურიგდება ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.