საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 7 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება
საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 7 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება

ქრისტესშობას თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, „ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით აღდგა 2000 წელს.

„მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და მეალილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი. დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფ.მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. სადღესასწაულო მსვლელობის დროს მეალილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მეალილეები შობას ულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა სრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღესრულება შობის პარაკლისი.

ქრისტეშობა დღესასწაულთა შორის განახლების, უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმია. შობის დღესასწაულს წელსაც კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს განსაკუთრებით გავუზიარებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.