თბილისსა და რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
თბილისსა და რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.

უწყების ცნობით, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 220 000 ლარს და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; კულტურაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში განხორციელდა ცხრა პროექტი რვა ლოკაციაზე და მოიცვა სამი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, თელავი.

„ახალი კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებისა და საბალეტო წარმოდგენების ხარჯების დასაფინანსებლად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:

ა) რომლის წარმომდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან კლასიკური მუსიკისა და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
ბ) რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამით და მონაწილეებით;
გ) რომელსაც გააჩნია თანადაფინანსება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 577 408 407; 599 79 10 18 (სამუშაო საათებში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 24 მაისისა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები.