თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.