თბილისმა საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი მიიღო. საახალწლოდ მორთული ავტობუსით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ იმგზავრა და ის სკვერები დაათვალიერა, რომლის საახალწლო მორთულობაზეც კერძო კომპანიებმა იზრუნეს.
თბილისის მერმა ავტობუსის გაჩერებებზე მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული დაურიგა.
გერმანულმა კომპანია Man Truck and Bus AG-მა დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა.
ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ, თბილისის მერიას, EBRD-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის 2016 წელს ხელი მოეწერა „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას, რომელის მიხედვითაც შეძენილი იქნა 143 ახალი, თანამედროვე სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი.
პროექტის განსახორციელებლად EBRD-მა 27,000,000 ევროს ოდენობით სესხი გამოყო. გარდა ამისა, თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, 7,000,000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იყო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. პროექტის მიზანია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება და მგზავრებისთვის თანამედროვე სტანდარტების შეთავაზება.