თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდისთვის“ ეშვის ამოღების ოპერაცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდისთვის“ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს.
ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ.
ოპერაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker).
ამ ეტაპზე უცნობია, რა დრო დასჭირდება დაჩირქებული ეშვის ამოღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სპილო „გრანდის“ ჯანმრთელობას. ოპერაციაზე უცხოელ ექიმებთან ერთად, ქართველი ვეტექიმებიც იმუშავებენ.
სპილო გრანდი 23 წლისაა, ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორი ეშვი ჰქონდა დაზიანებული. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, ბრიტანელმა ექიმებმა, 2014 წელს წარმატებით ჩაატარეს და „გრანდს“ ერთი დაზიანებული ეშვი ამოუღეს.
პროცედურა ასეთია: სპილოს დააძინებენ მისსავე ვოლიერში, სადაც უკვე მომზადებულია სპეციალური ტექნიკა, აპარატურა და ინსტრუმენტები და დაიწყება ოპერაცია.
ვოლიერთან ასევე მოყვანილია ამწე, იმ შემთხვევისთვის, თუ სპილომ არასწორ პოზიციაში დაიძინა, მოხდება მისი შემობრუნება.
თბილისში იმყოფება BBC-ს გადამღები ჯგუფიც. „ბი-ბი-სი“ ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.
„გრანდის“ ოპერაციას გვერდით ვოლიერში ელოდება მისი პარტნიორი, სპილო „მალკა“.