ოპერაცია წარმატებით დასრულდა, სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა [ვიდეო]

წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სპილოს გამოღვიძება იყო, რადგან სპილოებს ნარკოზიდან გამოსვლა უჭირთ.

თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდისთვის“ ეშვის ამოღების ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაჩირქებული ეშვი ამოღებულია.

ოპერაცია ვოლიერში სამ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ.

ოპერაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker).

ოპერაციაზე, უცხოელ ექიმებთან ერთად, ქართველი ვეტექიმებიც მუშაობდნენ.

სპილო გრანდი 23 წლისაა, ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორი ეშვი ჰქონდა დაზიანებული. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, ბრიტანელმა ექიმებმა, 2014 წელს წარმატებით ჩაატარეს და „გრანდს“ ერთი დაზიანებული ეშვი ამოუღეს.

თბილისში იმყოფება BBC-ს გადამღები ჯგუფიც. „ბი-ბი-სი“ ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.

დატოვე კომენტარი