თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ახალი ინფიცირებულებიდან ერთი მათ კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, პაციენტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.
მარეხ ბექაია აღნიშნავს, რომ პაციენტის ხანდაზმულია, თანმხლები პათოლოგიებით და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ჯერჯერობით ხერხდება მისი სუნთქვის პარამეტრების მოწესრიგება აპარატული სუნთქვის გარეშე, მაგრამ მაღალი ალბათობით, პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე გადასაყვანი გახდება. პაციენტი არის ხანდაზმული, თანხმლები მძიმე პათოლოგიებით.
მისი ასაკიდან გამომდინარე, პაციენტი იყო თვითიზოლაციაში, იყო ბინაზე. შვილიშვილი ჰყავდა სახლში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.
რაც შეეხება საკითხს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული პაციენტის ინფიცირება, ბექაია აცხადებს, რომ მის შვილიშვილი იყო ავად და შესაძლებელია, კორონავირუსი მან ბინაზე უკვე გადაიტანა.
„შვილიშვილი იყო ავად. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. ახლა ბინაზე იმყოფება, სადაც იმკურნალა“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.