თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებულ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია აცხადებს, რომ მათი კლინიკიდან გაგზავნილი 27 ნიმუშიდან 24-ზე პასუხი ცნობილია და მათ შორის კორონავირუსზე დადებით პასუხი არ არის. ბექაია აცხადებს, რომ სამ ნიმუშზე კვლევა გრძელდება.
„ჰოსპიტალში ამ წუთებში 45 პაციენტია. გუშინ 27 კვლევა იყო გაგზავნილი, 24 უარყოფითი პასუხია მოსული. სამზე კვლევა გრძელდება. 25 ახალი პაციენტია უკვე მიღებული ღამის განმავლობაში, ასე რომ, ამ წუთებში 25 ახალი კვლევა იქნება აღებული“, – აცხადებს მარეხ ბექაია.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იყვნენ თუ არა მათთან შეყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექიმები, რომელთაც ცხელება აღენიშნებოდათ, ბექაიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ექიმებს არ ვადასტურებ. ერთი ექიმი იყო, რომელთანაც უარყოფით პასუხი მოვიდა. ის გაეწერა ბინაზე, მას აქვს საკარანტინო საშუალება, რომ მიხედოს თავს“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.