თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არც დღეს დადასტურებულა, კლინიკაში მიმართვიანობამაც იკლო
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არც დღეს დადასტურებულა.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ განუცხადა, ჰოსპიტალში სულ 30 პაციენტი იმყოფება.
„გუშინ 18 კვლევა იყო გაგზავნილი და 18-ვეზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომელთანაც „კოვიდ-19“ არ დადასტურდა. პაციენტს პროფილურ, სომატურ კლინიკაში გადაიყვანენ. 18-ვე პაციენტი გადანაწილდება კლინიკებში და საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა ბექაიამ.
მისი თქმით, კვლევისთვის სინჯებს აუღებენ 12 პაციენტს, ასევე ყველას, ვინც დღეს 14:00 საათამდე შევა კლინიკაში.
„კლინიკაში მომართვიანობამაც იკლო და „კოვიდ-19“ დადასტურება კარგა ხანია, არ არის. ალბათ, პლატო უკვე ქვემოთ ეშვება. კვირაზე მეტია, ახალი კორონავირუსის შემთხვევა ჩვენთან არ დადასტურებულა“, – აცხადებს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.