თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა, რომელიც თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა, რომელიც თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა ბეროზაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ ეტაპისთვის 54 პაციენტია. კვლევა ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან ერთი კორონავირუსზე დადებითია, დანარჩენები ყველა უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით. მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილები არ აქვს. ახლა ხდება მისი გადაყვანის ორგანიზება. ეს ახალი პაციენტი არ არის ექიმი, საშუალო მედპერსონალია. ახლა დაახლოებით 30 პაციენტს აუღებენ სინჯს “, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

კახა ბეროზაშვილის განმარტებით, ე.წ. სწრაფი ტესტირებისას ცდომილება დაახლოებით 20 პროცენტამდეა.

„სწრაფ ტესტირებას, რა თქმა უნდა, თავისი ცდომილება აქვს. ხდება მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება. საბოლოოდ ამ ტესტირებების გადამოწმება ოქროს სტანდარტით ხდება. ცდომილება სწრაფ ტესტებს დაახლოებით 20 პროცენტამდეა. ტესტირების რაოდენობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოიმატებს ალბათ რაოდენობა გამოვლენილი დაავადებების, მაგრამ კატასტროფული ზრდა არ იქნება. ახლა ხდება რისკჯგუფების ტესტირება. ერთი კვირაა დაიწყო კოლეგების შემოწმება.  ჩვენთანაც ჩატარდა. საბედნიეროდ. ამ ეტაპზე დადებითი შემთხვევები არ გვქონია“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.