თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, 25 ნიმუშის პასუხი კი უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 27 ნიმუშზე ერთი დადებითი და ერთი საეჭვო პასუხი მიიღეს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია და იგი საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობდა.
როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება პაციენტს, რომელზეც საეჭვო პასუხი მიიღეს, ის 30 წლამდე ასაკის მამაკაცია.
მას საზღვრის კვეთის ისტორია არ აქვს. ორივე მათგანი მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჯამში კლინიკაში 53 პაციენტი იმყოფება. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებზე სინჯების აღება მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 837-ს შეადგენს, მათ შორის 697 პაციენტი გამოჯანმრთელდა.