თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 10 პაციენტის ანალიზის პასუხებს კორონავირუსზე ხვალ ელოდებიან
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 10 პაციენტის ანალიზის პასუხებს კორონავირუსზე ხვალ ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ იმყოფება. კლინიკაში სულ 39 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ექიმის განმარტებით, მათ პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აქვთ, ორი მათგანი კი, რომელიც 80 წელს გადაცილებულები არიან, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 39, აქედან ცხრა მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და 30 სომატურ განყოფილებაში. ​სომატურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების ჩივილები არის ყელის ტკივილი, ცხელება, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე. რამოდენიმე პანციენტს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ მდგომარეობა არის სტაბილური. რეანიმაციულში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობას აქვს გართულება ქრონიკული დაავადებების, ამიტომ ძნელია ამ გართულებების კორონა ვირუსთან დაკავშირება. რეანიმაციულში მოთავსებული პაციენტებიდან ორი არის მართვით სუნთქვაზე, ზოგადი მდგომარეობა აქვთ მძიმე. რეანიმაციის ყველა პაციენტის სინჯი არის უარყოფითი. დღეს მივიღეთ 31 უარყოფითი სინჯი. დღეს ახალი პაციენტებიდან 10 პაციენტს ავუღეთ ანალიზი, რომლის პასუხსაც სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში ველოდებით“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

ამასთან კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მათთან სულ ჩატარებულია 39 კვლევა, აქედან მიღებულია 29 პასუხი.

„28 იყო ნეგატიური და ერთი დადებითი პაციენტი. ეს პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში სამკურნალოდ“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.