თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი იმყოფება
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ახალი პასუხები ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც უკვე მკურნალობენ კლინიკაში, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ექვსი პირი იმყოფება.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 64 პაციენტი, აქედან 52 არის ინფიცირებული. მათ შორის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის ექვსი პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. 27 მათგანთან ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია, უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. 13 წლის პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, ამ ეტაპამდე არანაირი კლინიკური გამოვლინება არ უფიქსირდება, რაც ძალიან გვახარებს. ასევე ორსულები ჩვენს კლინიკაში სტაბილურად არიან, სტაბილურია როგორც ნაყოფის, ისევე ქალბატონების მდგომარეობა. დღეს ახალი პასუხი არ მიგვიღია და ველოდებით ლუგარიდან ახალ პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.