თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის „მდგრადი განვითარების ჯილდოს“ ვერცხლის პრიზიორია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი, გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, კომპანია ხელს უწყობს ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდას თბილისში უსაფრთხო და საიმედო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს კომპანიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობით და ურბანული ტრანსპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დანერგვით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული ჯილდო მეორედ მოიპოვა. პირველად ეს ჯილდო მან 2017 წელს ინოვაციების კატეგორიაში მიიღო.