ნათია თურნავა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

18:38, 22.11.2023

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს, ფრენსის მალიჟს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის დრაკინოსი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მიღწეული შედეგები. ასევე, განსაკუთრებით გაესვა ხაზი EBRD-ის წამყვანს როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

როგორც შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

„ეროვნული ბანკი, წლებია, მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ის ხაზინასთან, რომელთან ერთადაც განხორციელებული პროექტის ფარგლებში სებ-მა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ ქვეყნებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ საქართველო და ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებში სამაგალითოდ წარმოჩინდნენ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მსგავსი