თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა" და „მარტელო გრუპ ლიმიტედს" შორის დავა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია. პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო სარჩელი მიმდინარე თვის დასაწყისში დარეგისტრირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელით „თიბისი ბანკი” იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გაიცა.
საქართველოს პირველი არხი „თიბისი ბანკს” დაუკავშირდა, სადაც სარჩელის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
„მარტელო გრუპ ლიმიტედი” პროკურატურაში, „თიბისი ბანკის” საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. დღეისათვის ის ითვლება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”.
პროკურატურის ინფორმაციით, ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეზე სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს დანაშაულებრივი ტრანზაქციით, „თიბისი ბანკიდან” გასესხდა.
გამოძიების ცნობით, ეს თანხა ბანკიდან ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა ისესხეს. იმავე დღეს თანხა „თიბისი ბანკის” მაშინდელი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, წლის ბოლოს კი, სესხი წერეთლის კომპანიებს ჩამოაწერეს. საბოლოოდ, 2012 წელს გამოძიების მტკიცებით, ყველა საბანკო ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა, რაც წინასწარ დაგეგმილი ქმედება იყო, ფულის გათეთრების მიზნით. ამ საქმეზე ძიების ფარგლებში, პროკურატურამ გამოკითხა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სხვა ფიგურანტი პირები. პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ.