თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სასამართლოში საქმეზე მოსამზადებელი სხდომა იმართება.
მოსარჩელე მხარე ქარტიას ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია 2020 წელს ქარტიის ვებგვერდზე განთავსებულ მონიტორინგის მასალებზე, რომელიც ქარტიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მოამზადა. მაუწყებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მონიტორინგში ფაქტები იყო არასწორი, რამაც მაუწყებლის რეპუტაცია შელახა. აჭარის მაუწყებელი სასამართლოს შუამდგომლობითაც მიმართავს, რომ ქარტიამ დაასახელოს იმ პირების სახელები, რომლებიც აღნიშნულ მონიტორინგში მონაწილეობდნენ.
„დავა გვაქვს მოპასუხის მიერ 2020 წლის ივნისში ვებგვერდზე გავრცელებულ მონიტორინგის ანგარიშზე. ჩვენი აზრით, ეს შეიცავს ცილისმწამებლურ ინფორმაციას და დაზიანდა მაუწყებლის ინტერესები. სარჩელშიც მივუთითებთ და კიდევ ვიტყვით, განსაკუთრებულად მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი ინტერესია, ვინ ჩაატარა მონიტორინგი. შესაძლოა, პირებმა, რომლებსაც მაუწყებელთან ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. ჩვენთვის ეს კონკრეტული წყაროებისგან არის ცნობილი. მოგეხსენებათ, ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს. მნიშვნელოვანია, იყვნენ თუ არა ეს პირები ობიქტური მონიტორინგის გავრცელების დროს და ხომ არ ჰქონდათ პირადი ინტერესები“, – აცხადებს ადვოკატი ემზარ პაქსაძე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მაუწყებლის სარჩელს არ ეთანხმება და მზად არის, სასამართლოში იდავოს. ქარტიის აღმასრულებელ დირექტორ მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მონიტორინგი იყო ობიექტური და კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული. ქარტიაში ამბობენ, რომ აჭარის მაუწყებელში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა.
„მიგვაჩნია, რომ მონიტორინგი იყო ობიექტური. არ ვეთანხმებით სარჩელს და დავას განვაგრძობთ საქალაქო სასამართლოში. ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგი ობიექტური გახლდათ, მათ შორის შეფასებებიც. მიგვაჩნია, რომ მხარე დავობს არა ფაქტებზე, არამედ მოსაზრებებზე. ცილისწამება თავად ითვალისწინებს, რომ ფაქტზე უნდა იყოს აქცენტი გამახვილებული და არა მოსაზრებაზე, რადგან მოსაზრება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მონიტორინგის ძირითადი მიგნება იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მას შემდეგ, რაც დაინიშნა ახალი დირექტორი“, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.