თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს.
როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, ცესკო-მ მეორე ტურის ჩატარების თარიღი საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად შეარჩია.
„საქმის განხილვის შედეგად, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ცესკო-მ მაშინ როდესაც განსაზღვრა მეორე ტურის ჩატარების კონკრეტული დღე, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო წესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
ოპოზიცია ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარება პრობლემებს შეუქმნის როგორც ქვეყანაში მცხოვრებ, ასევე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ მუხლებს, რომლებიც განსაზღვრავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს არასამუშაო დღეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ გუშინ შეიტანეს.