თბილისის საქალაქო სასამართლო ხმების გადათვლისა და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გაბათილების შესახებ „ევროპული საქართველოს“ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლო „ევროპული საქართველოს“ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. სარჩელი საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებს უკავშირდება.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, გარკვეული ოლქების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია, რის გამოც ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან აღნიშნულ ოლქებში ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ. ოთარ კახიძის განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ უარი უთხრა, ამიტომ სარჩელით სასამართლოს მიმართეს. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ასევე ასაჩივრებს ცესკო-ს მიერ პროპორციული არჩევნების შეჯამებას.
„ევროპული საქართველოს“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა. ერთი სარჩელით ჩვენ ვითხოვთ უბნების გადათვლას, ვითხოვთ ბათილად ცნობას იმ უბნებისა, სადაც გაყალბების ძალიან დიდი მასშტაბია დაფიქსირებული. დისბალანსი არის ოქმების დაახლოებით ნახევარში, რადგან ბიულეტენების, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა. ოლქმა გასაჩივრებაზე უარი გვითხრა, გავასაჩივრეთ ცესკო-ში, მათაც უარი გვითხრეს და წამოვიღეთ სასამართლოში. ამის გარდა, ჩვენ ვასაჩივრებდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული არჩევნების კანონის დარღვევით შეჯამებას, ვინაიდან კანონი ითხოვს, რომ ჯერ უნდა დასრულდეს სასამართლოში დავები. ჩვენი დავა ეხებოდა უბნებისა და ოლქების ბათილად ცნობას, გაყალბების ასეთი მასშტაბის გათვალისწინებით. ცესკო-მ დაარღვია კანონის ეს მოთხოვნა, არ დაელოდა შედეგს, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი და მანამდე შეაჯამა პროპორციული არჩევნები. ჩვენ ამ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასაც ვითხოვთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.