„თბილისობა 2018“ რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალაკონცერტითა და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს თბილისობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და ტრადიციულად, საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.
საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა. საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს: ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზშემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხეილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე კახა კალაძემ აღნიშნა, საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.
„39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითაც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე, მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს სახელწოდებით „ჩემო თბილის ქალაქო“ მუსიკალურად აფორმებდა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე ყველა ის მომღერალი წარდგა, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერით „თბილისო“ და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.