კახა კალაძე - უბედნიერესი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, სპორტში ყოფნისას საქართველოს სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ, დღეს უშუალოდ ვარ თბილისელების, სამშობლოს სამსახურში და ყოველთვის ვიქნები
კახა კალაძე - უბედნიერესი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, სპორტში ყოფნისას საქართველოს სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ, დღეს უშუალოდ ვარ თბილისელების, სამშობლოს სამსახურში და ყოველთვის ვიქნები

დღეს ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე, არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყოველთვის იქნება ქართველი ხალხისა და სამშობლოს სამსახურში.

„დღეს ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე. არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წარსული ცხოვრებითაც, როდესაც სპორტში ვიყავი, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საქართველოს სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ. დღეს უშუალოდ ვარ თბილისელების სამსახურში, ჩემი ქვეყნის სამსახურში და ვიდრე ჩემი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ყოველთვის ვიქნები ქართველი ხალხისა და სამშობლოს სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა.