თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 24 იანვარს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა.
ადგილზე მიტანილი აქვთ სტიკერები, რომელზეც გამოსახული არიან საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ ეს სტიკერები საკრებულოს მიმდებარედ გააკრან. საკრებულოს ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრული პოლიციაც.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ლევან ხაბეიშვილი გუშინ გამოკითხეს.