თბილისის საკრებულოს წევრები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობენ
თბილისის საკრებულოს წევრები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესია იმართება.

სესიაში მონაწილეობს თბილისის საკრებულოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

კონგრესი გამართავს დებატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ, რომელშიც სიტყვით გამოვა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი. წარმოდგენილი იქნება ანგარიში ესტონეთში, ირლანდიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მონიტორინგის შესახებ. მათ შორის, სლოვაკეთის რესპუბლიკის შესახებ ანგარიშს, შვეიცარიელ კოლეგასთან ერთად, წარადგენს ლევან ჟორჟოლიანი.

პლენარულ სესიაზე, რომელიც სამი დღე გაგრძელდება, კონგრესმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტი გახდა მარკ ქულსი, რომელიც ბელგიის სამეფოს წარმოადგენს და 2018 წლიდან აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე კოლეგებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. სესიის ფარგლებში განხილული იქნება ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტის შედეგები და სამიტზე გაზიარებული წინადადებები კონგრესის მუშაობის მეთოდებსა და აქტივობებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

კონგრესის წევრების შეკითხვებს უპასუხებს ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ინგა ბერზინა, რომელიც წარმოადგენს ლატვიას, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას.

კონგრესი განიხილავს ანგარიშებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგოებრიც არის: „ადგილობრივი და რეგიონული მედია, როგორც დემოკრატიის გუშაგი“ და „ევროპის III ურბანული ქარტია: ურბანული ცხოვრება ტრანსფორმაციების ეპოქაში“. დებატები გაიმართება შემდეგ თემებზე: „ახალგაზრდების, როგორც ცვლილებების წამყვანი ძალის, ჩართულობის მნიშვნელობა“, „რეგიონების როლი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში“ და „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა: რეგიონული გამოცდილება და მიღებული გაკვეთილები“; დელეგატები აგრეთვე იმსჯელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების დონეზე არჩეული წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გავლენებზე და ძალადობის აღმოფხვრის პრინციპებზე, სესიაზე განხილული იქნება ანგარიშები ალბანეთსა და ერევნის უზენაესთა საბჭოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის შესახებ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.