თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყო [ფოტო]
თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყო [ფოტო]

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყო, რომლის ნახვის საშუალებაც მსურველებს, 00:00 საათამდე ექნება. ინსტალაციით წარმოდგენილია ქართული ანბანური დამწერლობის სამივე სახეობა, ასევე უძველესი ხელნაწერები და ილუსტრაციები, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე განთავსებულია ეკრანები, სადაც ძველი ქართული ხელნაწერების სლაიდები გადის.

თბილისის მერიის ორგანიზებით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო, მათ შორის, საგუნდო კონცერტი, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, გამოფენა სახელწოდებით „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში შემეცნებითი ინსტალაციების ნახვა შეეძლოთ დამთვალიერებლებს.

ამასთან, გამოიფინა უძველესი ხელნაწერები, მათ შორის, ოთხთავები, ფსალმუნები, „ვეფხისტყაოსანი“ და ა.შ.