თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება პისიარტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
„აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები“, – ნათქვამია თსუ-ს ინფორმაციაში.