ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი გახდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა.
„მსურს, მთელი გულით მივულოცო შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსის სტიპენდიატობა. ეს კონკურსი ბატონი ანზორის უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად, სწორედ ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაფუძნდა. შიო მუსიკის კვლევის დარგში პირველი დოქტორანტია, რომელსაც ეს პრიზი გადაეცა. ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის კვლევა მართლაც რომ საშვილიშვილო საქმეა. მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ შიოს საქმიანობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ღირსეულად ატარებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატის სახელს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის დაარსების ინიციატივა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 10 აგვისტოს ოზურგეთში მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გააჟღერა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა. სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ გამარჯვებული 17 სექტემბერს გამოავლინა. შიო აბრახამია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.