თბილისის საჯარო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა 19 მარტიდან დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ.
თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია.
„თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი. ამასთან, ბაღის პერსონალი გაატარებს ყველა ჰიგიენურ-სანიტარიულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, არამალფუჭებადი პროდუქტები ხუთი დღის განმავლობაში გაიცემა და აღსაზრდელების მშობლებს მისი მიღება ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია.
დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.