გამოკითხვის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორისაა
სტოკჰოლმში გამართულ Skytrax World Airport Awards 2018-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეხუთედ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა.
ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის ასევე დასახელდნენ ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავის, სოფიის და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.