თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ბაღებში რეგისტრაცია პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო.

„რეგისტრაცია ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი გახლავთ პრიორიტეტული ბავშვების რეგისტრაცია, სადაც შვიდი კატეგორია არის, ძირითადად სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები არიან, ხოლო მეორე ეტაპი იწყება ხვალ, 12:00 საათზე ე.წ. საყოველთაო რეგისტრაცია, როცა უკვე ყველა მსურველს შეეძლება ბავშვი დაარეგისტრიროს. პრინციპი არის დასწრებითობის, მოვუწოდებთ მშობლებს, მობილიზებული იყვნენ და წინასწარ გაეცნონ ჩვენი განაცხადის ფორმას, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე: kids.org.ge“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად რვა ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, ოთხი გაიხსნება შემოდგომაზე, ორი სექტემბერში, დანარჩენი ოთხი კი გაიხსნება მომავალ წელს.

„პარალელურად, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები სხვადასხვა ავარიული შენობების და მთაწმინდის რაიონში სექტემბრის თვეში სამი ახალი რეაბილიტირებული ბაღი გვექნება, რომელიც თავის მხრივ, განტვირთავს ბაღებს. არსებობს რაიონები, ძირითადად ცენტრალური, სადაც ყოველთვის არის ადგილების პრობლემა, მოსახლეობის რაოდენობა ამ რაიონებში უფრო მაღალია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბაღების არაადეკვატური რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ამ რაიონებში ვერ ხერხდება ახალი ბაღების მშენებლობა. ჩვენ ვგეგმავთ 14 სექტემბერს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის განახლებას, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო ამუშავებს პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც განახლდება ეს პროცესი. ჯერ ამის შესახებ მე ვერ მოგახსენებთ, არის მუშაობის პროცესი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.