თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. ახალი ბაღების პროექტები სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მოსახლეობას გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად წარუდგინა.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად, თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება.
ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატები – ნინო ლაცაბიძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ და მათ ბაღების მშენებლობის დეტალებზე ესაუბრნენ.