თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილს, ასევე დავით ჭაკუას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 000-5 000 ლარის ოდენობით.
ბრალდების მხარე მეორე ინსტანციაში სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი, მსჯავრდადებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
მსჯავრდებულებს ბრალი პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე ჰქონდათ წარდგენილი.