თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2022 წლის 02 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ. კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების ვლადიმირ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ზ. ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. კ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნ. გ. გამართლდა.
ნ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის სექტემბერ – დეკემბრის პერიოდში ნ. გ-მ და კ. დ-მ ჩაიდინეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. საწარმოში (ან სხვა ორგანიზაციაში) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან როგორც ნ. გ., ასევე კ. დ. წარმოადგენენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, რომლებმაც საკუთარი კომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა, ამ უკანასკნელმა მიიღო მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლები, ხოლო კომპანია „რუსთავი 2“-მა – 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდასსამოცდასამიათას ხუთასცხრა) ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნ. გ-ს როლი, მისი ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ.გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.