თბილისის ქონების მართვის სააგენტო შესაძლოა, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდეს
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო შესაძლოა, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდეს.
შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და გოჩა ენუქიძე არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით ხშირია დავები. მათ შორის, დავების წარმოების ინიცირება უწევს თავად მუნიციპალიტეტს.
„კანონის მიხედვით, თუ სარჩელს ქონების მართვის სააგენტო აღძრავს, აუცილებელი გახდება, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც გარკვეულწილად ერთგვარი ფინანსური ტვირთი იქნება აღნიშნული სააგენტოსთვის. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან მათ არ აქვთ უფლება, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ქონებასთან დაკავშირებულ დავებს აწარმოებენ თავად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, რომლებსაც სასამართლოებისათვის მიმართვის დროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უწევთ. მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე მხარეს მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს, სარჩელს მუნიციპალიტეტის მერია აღძრავს და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება არ ხდება. მიზანშეწონილია, რომ ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე ისევე, როგორც პრაქტიკულად ასეა ყველა სხვა მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, დაახლოებით 60 დავა განიხილება.