გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, ვეტერანები სასამართლოებში ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდნენ
გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, ვეტერანები სასამართლოებში ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდნენ

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ვეტერანები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდნენ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, ყველა სარჩელზე.

გია ჟორჟოლიანმა შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დეპუტატი განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, ვეტერანების სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს.

„სასურველი იქნებოდა, ვეტერანებზე გავრცელდეს ისეთივე შეღავათი, როგორითაც დღეს სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები. აღნიშნული სუბიექტები მთლიანად თავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან – ყველა სარჩელზე.

დღეს ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ თანხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან, თუმცა ეს მაინც დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან, რაც გულისხმობს მოსარჩელის ვალდებულებას, ამტკიცოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ვეტერანების დამსახურების გათვალისწინებით, ისინი პირდაპირ და უპირობოდ უნდა თავისუფლდებოდნენ ამგვარი ვალდებულებებისგან“, – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

დატოვე კომენტარი