თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორები სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის საკვების მოპარვის მიზეზით გაათავისუფლეს
თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა: ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.
გვანცელაძის თქმით, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომები ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.