თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა
ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში – Global Greening თბილისის მონაწილეობამ დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის – EPIC – The Irish Emigration Museum განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუზეუმმა თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძის ამსახველი ფოტო მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში შეიტანა, რომელიც კამპანიის -Global Greening ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით, მწვანედ განათებულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ წელს Global Greening-ის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს 49 ქვეყნის 300-ზე მეტი ღირსშესანიშნაობა განათდა მწვანე ფერში, თუმცა მუზეუმმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეარჩია მუდმივმოქმედი გამოფენისთვის, მათ შორის თბილისის სატელევიზიო ანძა.
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კამპანია Global Greening მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათებას გულისხმობს, რაც ირლანდიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა. თბილისი, როგორც დუბლინის პარტნიორი ქალაქი, 2015 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და წელს 17 მარტს, ირლანდიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები მწვანე ფერში მეოთხედ განათდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუბლინის EPIC მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძის ფოტოს განთავსება ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას. EPIC – The Irish Emigration Museum დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქციულ მუზეუმს წარმოადგენს და გასული წლის განმავლობაში 90 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძის მწვანედ განათება ასევე გააშუქა ირლანდიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ „Tourism Ireland”, საკუთარი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის მეშვეობით.