თბილისის მუნიციპალური ინსპექცია - უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
„ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის, არავინ ცხოვრობს.
დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, მეპატრონე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს და მოუწოდოს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი თავად განახორციელოს. წერილობით გაფრთხილებაში ასევე, მითითებულია ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია. სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს. გვინდა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის სამსახურებში გადაამოწმონ“, აღნიშნულია განცხადებაში.