თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ფილიალები 15 სექტემბრიდან გაიხსნება
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ფილიალები 15 სექტემბრიდან მუშაობას განაახლებს.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აცხადებენ, რომ გაიხსნება ყველა ბიბლიოთეკა და მედიათეკა გარდა მე-9 (ჭავჭავაძის #24) და 25-ე ბიბლიოთეკებისა (ლილოს დასახლება), სადაც თბილისის მერია, უახლოეს დღეებში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ბიბლიოთეკები და მედიათეკები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განაახლებს მუშაობას. ძირითადი რეკომენდაციებია: შენობაში არ დაიშვება პირი, რომელიც ვერ გაივლის თერმოსკრინინგს ან აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე, აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების საპნით ხშირი დაბანა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, დაუშვებელია ჯგუფური მუშაობა.
„საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების კვლავ გახსნის საშუალებას გვაძლევს, თუმცა უნდა დავიცვათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რაც ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. გვიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს ჩვენც ღია კარით შევხვდებით“, – აცხადებს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.